უნგრეთის ქალაქი დიორი ხვალიდან 26 თებერვლის ჩათვლით პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობაზე არგენტინაში დაგეგმილი მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება.
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებსა და უფროსებში ტარდება, თითო ასაკში საქართველოს სამ-სამი მონაწილე ჰვყავს.
უფროსებში საქართველოს ღირსებას ლეგენდარული ნინო სალუქვაძე დაიცავს, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული მეცხრე ოლიმპიადაზე მოსახვედრად ემზადება.
ვაჟებში მისი შვილი, ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე ისვრიან, ახალგაზრდებში კი ევროპის გუნდური პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი მოსულიშვილი, ლიზი კილაძე და ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე იასპარეზებენ.
ახალგაზრდების ეს სამეული არგენტინის სალიცენზიო ტურნირშიც გამოვა.
ხვალ გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრი ჩატარდება და საბოლოოდ გაირკვევა ევროპა მსოფლიოს ოლიმპიადაზე წამსვლელთა სია, შემდეგ კი მონაწილეები ევროპის ჩემპიონატში გადაერთვებიან.
20 თებერვალს ახალგაზრდები შერეულ წყვილში გამოვლენ, სადაც ერთმანეთის მხარდამხარ მოსულიშვილი და კილაძე დადგებიან.
21თებერვალს ახალგაზრდები პირად პირველობაში გამოვლენ – გოგონებიც და ბიჭებიც, ხოლო უფროსები ჩემპიონატში 23 თებერვლიდან ჩაებმებიან.
ჯერ – შერეული წყვილები, სადაც დედა-შვილი სალუქვაძე და მაჭავარიანი იქნებიან, ხოლო პირად პირველობაში ორივე სქესის მსროლელები 24 თებერვალს მოსინჯავენ ძალებს.
25 თებერვალი გუნდური შეჯიბრების დღეა, თუმცა ჩვენი მსროლელები გუნდურ შეჯიბრზე არ გამოვლენ.