საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს მორაგბეთა თვრამეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 25:0 (10:0 – პირველი ტაიმი) დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში კი საქართველომ ჰოლანდია 69:12 გაანადგურა.
ფინალში საქართველოს უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ტრადიციული მეტოქე – საფრანგეთი ელოდება. წინა სამი მატჩი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ანგარიშში სხვაობა წლიდან წლამდე იკლებს.
საფრანგეთის ნაკრებმა ნახევარფინალში ესპანეთი დიდი ანგარიშით – 38:7 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 31 მარტს გაიმართება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი