საქართველოს თასზე მსგავსი არასოდეს მომხდარა - მეოთხედფინალში მთავარი ლიგის მხოლოდ ორი გუნდი ითამაშებს
საქართველოს თასზე მსგავსი არასოდეს მომხდარა - მეოთხედფინალში მთავარი ლიგის მხოლოდ ორი გუნდი ითამაშებს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრა დღეს გაიმართა და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა.

ქობულეთის „შუქურა“ „გარდაბანს“ ესტუმრა და დამაჯერებელად მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქობულეთელებმა სამი გოლის გაიტანეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. 64-ე წუთზე ანგარისი სეით-დაუთ გარაკოევმა გახსნა. 7 წუთში, სტუმართა უპირატესობა ფელიპე ნუნიეშმა გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი „შუქურას“ კაპიტანმა დააფიქსირა -გიორგი ჩელებაძემ მეტოქის კარი 77-ე წუთზე აიღო 0:3.

„მცხეთა პარკზე“ თბილისის „ვიტ ჯორჯია 2“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. თბილისელები მე-18 წუთზე გოლით გიორგი ამაშუკელმა დააწინაურა 1:0. მეორე ტაიმში სტუმრებმა აქტიურად შეუტიეს და 56-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, რატი ცაცკრიალაშვილის პენალტით წონასწორობა აღადგინეს, 59-ეზე კი მან თანაგუნდელების ეფექტური კომბინაცია დააგვირგვინა და “გაგრა” მეოთხედფინალშია 1:2.

ყველაზე დიდი სენსაცია მეოთხედფინალში რანგით მეხუთე ლიგის გუნდის, ტურნირის დებიუტანტის ბათუმის „მეტას“ გასვლაა. ბათუმელები სტუმრად ცხინვალის „ლიახვს“ დაუპირისპირდნენ და 5:2 დაამარცხეს. პირველი ნახევარი „მეტამ“ 3:1 მოიგო -გოგიტა ბერიძის, ზურაბ ქვარცხავასა და ნიკა არონია გოლებს ცხინვალელებმა მხოლოდ ცოტნე ჩხიკვაძის ზუსტი დარტყმით უმასპუხეს. მეორე ტაიმში ბათუმელების უპირატესობა 48-ე წუთზე ოლეგ კურტანიძემ და 66-ე წუთზე ბექა ძიგუამ გაზარდეს 1:5. 74-ე წუთზე, ცხინვალელთა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:5.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2018 წლის გათამაშების მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს რეგიონული და ლიგა 3-ის 1-1 გუნდმა, ეროვნული ლიგა 2-ის ოთხმა წარმომადგენელმა, ხოლო ეროვნული ლიგიდან – მხოლოდ ორმა! მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა. ეს გუნდებია „თელავი“, თბილისის „ვიტ-ჯორჯია“, ლანჩხუთის „გურია“, თბილისის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“, „გაგრა“, ბათუმის „მეტა“ და ქობულეთის „შუქურა“.

მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 21 სექტემბერს 14:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება.