საქართველოს სუპერთასის პირველი ფინალისტი ბათუმის „დინამოა“ [ვიდეო] #1TVSPORT

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების პირველი ფინალისტი ბათუმის „დინამოა“.

ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე გამომსვლელი ოთხი გუნდი მონაწილეობს – მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“, ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები – ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“.

30 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ სამტერდიის „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ ბათუმელებმა შეასრულეს – 6:5.

მეორე ნახევარფინალში დღეს თბილისის „დინამო“  გორის „დილას“ „მიხეილ მესხზე“ დაუპირისპირდება და გამარჯვებული ბათუმის „დინამოს“ ფინალში 4 ივლისს შეხვდება, ხოლო დამარცხებული გუნდები ამავე დღეს მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.