საქართველოს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს 2022 წლის საფეხბურთო სეზონი ამ მატჩით გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ თასის მფლობელს, „საბურთალოს“ დაუპირისპირდა.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. პირველი სახიფათო მომენტი 21-ე წუთზე „საბურთალომ“ შექმნა, მაგრამ გიორგი გულიაშვილს დარტყმაში ხელი ოლექსანდრ ოზაცკიმ შეუშალა. 4 წუთში კი თბილისელებს ჯაბა ჯიღაურმა შეუტია და მიზანს ააცილა.
36-ე წუთზე ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ – დინამოელთა აზრით, თორნიკე გაფრინდაშვილის ჩაწოდებას გიორგი ლაცაბიძე ხელით გადაეღობა, მაგრამ არბიტრმა ასე არ ჩათვალა და კუთხური დანიშნა. სტანდარტის გათამაშების შემდეგ ოზაცკიმ თავურით სცადა ანგარიშის გახსნა და კარს ოდნავ ააცილა.
მეორე ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი პირველად ბათუმელებმა შექმნეს, მაგრამ თორნიკე გაფრინდაშვილის დარტყმას მეკარე ოთო გოშაძე გადაეფარა და ვითარება განმუხტა. მე-60 წუთზე უკვე ბენჯამინ ტეიდიმ და გუგა ფალავანდიშვილამ შეუტიეს და მიზანს ვერც მათ მიაღწიეს. გავიდა კიდევ ერთი წუთი და ისევ გაფრინდაშვილმა დაარტყა და ამჯერადაც კარს ააცილა. 64-ე წუთზე კი ჯოვინო ფლამარიონის დარტყმას ისევ გოშაძე გადაეფარა.
ამის შემდეგ „საბურთალომ“ მეტოქის შეტევები შეაჩერა და 70-ე წუთზე მწვავედ თავად შეუტია, როდესაც გიორგი ჯგერენაიამ ძალიან შორიდან დაარტყა და მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბურთი ცუდად მოიგერია, თუმცა, თბილისელთა თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ ვერც დაარტყა და მსაჯმა თამაშგარეც დაუფიქსირა.
გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და დებულების მიხედვით, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ ბათუმელებმა შეასრულეს.
მატჩის გმირი ბათუმელთა მეკარე მეკარე ლაზარე კუპატაძე გახდა, რომელმაც „საბურთალოს“ მოთამაშეთა შესრულებული სამი პენალტი მოიგერია – ნოდარ ქავთარაძის, ოთო გოშაძის და ნოდარ იაშვილის შესრულებული დარტყმები. საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 7:6 მოიგო და სუპერთასის გამარჯვებული და წლის პირველი ტირულის მფლობელი გახდა.
ბათუმის „დინამო“ მესამე კლუბია „ზესტაფონის“ და „ამერის“ შემდეგ, რომელიც ამ პრესტიჟულ ტიტულს მეორედ დაეუფლა. პირველად ეს გუნდმა 1998 წელს „დინამო თბილისის“ დამარცხებით (2:1) შეძლო. რეკორდსმენი კი „დინამო თბილისია“, რომელიც სუპერთასის გამარჯვებული რვაჯერ გახდა.
ეს იყო მესამე მატჩი, რომლის გამარჯვებულიც პენალტების სერიაში გამოვლინდა. პირველად ეს 2012 წელს მოხდა, როდესაც „ზესტაფონმა“ გორის „დილასთან“ 0:0-ის შემდეგ 4:2 მოიგო, ხოლო 2021 წელს „დინამო თბილისმა“’ ძირითად დროში „გაგრა“ ვერ დამარცხა (2:2), პენალტები კი უკეთ შეასრულა (5:4).
„დინამო“ ბათუმი – „საბურთალო“ 0:0 (7:6. პენალტების სერია)
პენალტების სერია: 1:0 მამუჩაშვილი, 1:1 ლ. ნინიკაშვილი, 2:1 კობახიძე, 2:1 ნ. ქავთარაძე (მეკარე), 2:1 გაფრინდაშვილი (ააცილა), 2:2 სიხარულიძე, 3:2 ჯოვინო, 3:3 ჯგერენაია, 4:3 ლობჯანიძე, 4:4 გოჩოლეიშვილი, 5:4 ფალავანდიშვილი, 5:5 ლაცაბიძე, 6:5 აზაროვი, 6:6 კაკუბავა, 6;6 ბიძინაშვილი (მეკარე), 6:6 გოშაძე (მეკარე), 7:6 ანანიძე, 7:6 იაშვილი (მეკარე)
ბათუმის „დინამო“: კუპატაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი (73. ბიძინაშვილი), ალთუნაშვილი (78. ანანიძე), ზარია (55. ჯოვინო), გაფრინდაშვილი, ფანცულაია (73. ლობჟანიძე), ჯიღაური (55. ფალავანდიშვილი)
სათადარიგოები: ალავიძემ, ნავალოვსკი, რეხვიაშვილი, დენკოვიჩი
„საბურთალო“: გოშაძე, უბილავა, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი (), ქარდავა, გოჩოლეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი (77. ნ. ქავთარაძე), ტაბატაძე (64. სიხარულიძე), გულიაშვილი (90. იაშვილი)
სათადარიგოები: მეგრელიშვილი, მამაცაშვილი, ჩადუნელი, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, გეგუჩაძე
მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
გაფრთხილებები: მამუჩაშვილი (11), გაფრინდაშვილი (28), ქარდავა (32), ფალავანდიშვილი (65), ლ. ნონიკაშვილი (70), ნ. ქავთარაძე (80)