საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ჰამბურგში პირველი შეხვედრა ფრედ ითამაშა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარა და დაძაბულ შეხვედრაში მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 19:19.
ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს – ლელო გაგა ქევხიშვილმა დადო, სერგი ჩხაიძემ კი შედეგიანად გარდასახა, თუმცა მეტოქემ ე.წ. „გაწითლებულ დროში“ წონასწორობის აღდგენა შეძლო და ტაიმიც დამთავრდა.
მეორე ნახევარში ქართველებმა კიდევ ორი ლელო დადეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს. თუმცა, ამის მიუხედავად, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ შეხვედრა 19:19 დასრულდა.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ იტალიას 33:21 მოუგო.
საქართველოს ნაკრები 8 ივლისს ორ თამაშს ჩაატარებს, ჯერ იტალიას შეხვდება, შემდეგ კი – პორტუგალიას.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფების ორი-ორი გამარჯვებული და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მეოთხედფინალში ითამაშებს.