საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მორიგი მატჩისთვის ემზადება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მორიგი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი “სვეჩატ“ არენაზე 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი ძირითადად კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი, ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც, გუნდის ექიმ თემურ ხვედელიძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის, მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. საქართველოსა და ავსტრიის საკალათბურთო დაპირისპირება 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 სააათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.