საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესტონეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესტონეთთან მატჩისთვის ემზადება

27 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლიტვასთან (4:0) გამარჯვების შემდეგ, ”ჯვაროსნები” ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. შეხვედრა 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, დასწრება კი – უფასოა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, დღეს საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე შეიკრიბება და 17:00 საათზე ”ზესტაფონის“ ბაზაზე ღია ვარჯიშს გამართავს. მედიის წარმომადგენლები საწვრთნელი პროცესის გადაღებას საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეძლებენ.

შაბათს გამართული მატჩის მეორე დღეს, 25 მარტს, საქართველოს ნაკრების წევრებმა მსუბუქად ივარჯიშეს. მხოლოდ ის ფეხბურთელები დაიტვირთნენ, რომლებსაც ლიტვასთან არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს, ხოლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიშები ჰქონდათ.

ესტონეთთან მატჩს ჯანო ანანიძე ტრავმის გამო გამოაკლდა. ნახევარმცველს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება აქვს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს მოედნის მიღმა დარჩენა.