საქართველოს რეგიონებში სპორტის სტრატეგიის და სპორტის კანონის საჯარო კონსულტაციები დაიწყო
„სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებასთან დაკავშირებით პირველი საჯარო კონსულტაცია კახეთის რეგიონში გაიმართა.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა თელავში გამართულ შეხვედრაზე კახეთის რეგიონის მოსახლეობას მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგია წარუდგინა. ამდენად, დაიწყო „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციები საქართველოს რეგიონებში. კლუტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველი პირები შეხვედრებს გამართავენ ყველა დაინტერესებულ მხარესა და მიზნობრივ ჯგუფებთან. დოკუმენტების შემუშავების მიზნით პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში, თელავში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები სპორტის მიმართულებით, ადგილობრივი ააიპ სასპორტო დაწესებულებების (სკოლები, სპორტული სკოლები, სპორტული კლუბები და ორგანიზაციები) წარმომადგნელები, სტუდენტური თვითმმართველობების, ადგილობრივი რესურსცენტრებისა და სპორტული ფედერაციების რეგიონული წარმომადგენლები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადდა „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარებისა სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი“. მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიის შემუშავების ეტაპები, განსახორციელებელი ღონისძიებები და ვადები. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექპერტების, კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობა.
„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ხოლო „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელზეც სამინისტრომ მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ემსახურება დარგში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.
საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრატეგიის გზამკვლევი, სამუშაო დოკუმენტები და სხვა დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება პორტალზე cultureandsports.gov.ge და სოციალურ ქსელ Facebook გვერდზე კულტურა და სპორტი მდგრადი განვითარებისთვის.
საქართველოს მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება. პირველ ეტაპზე, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შეფასება ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც მომზადდება დროში გაწერილი გეგმა. მთავრობის მიზანია, 3 წლის განმავლობაში გაორმაგდეს სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში:
- 16%-დან 22%-მდე გაიზარდა რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის მაჩვენებელი (მასობრივი სპორტი)
- 33 000-დან 143 616-მდე გაიზარდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ სპორტსმენთა რაოდენობა
- სპორტის 25-მდე სახეობაში საქართველომ უმასპინძლა 78 საერთაშორისო ღონისძიებას
- სპორტის 15-მდე სახეობაში სპორტის უნივერსიტეტისა და ფედერაციების ჩართულობით გადამზადდა 5 000 მწვრთნელი და 3 000 პედაგოგი
- სპორტის სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ჩემპიონატებში ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 500-მდე მედალი.
წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო