დღეს, 15 მარტს საქართველოს რაგბის ნაკრების ფანკლუბი რვა წლის გახდა. „ბორჯღალოსნების“ გულშემატკივართა ჯგუფმა ფანკლუბის შექმნის იდეაზე ისაუბრა.
„რაგბის მიმართ ინტერესის ზრდის პარალელურად. სარაგბო სამყაროსთვის დამახასიათებელმა დეტალებმაც იწყო წარმოჩენა ჩვენს გულშემატკივრებში.ნელ-ნელა გამოჩდნენ ისეთი ადამიანები ვისაც სურდა ყოველ თამაშზე სარაგბო ატრიბუტიკით შემოსილიყო, ეყვირა, ემღერა, ემოციებისგან ბოლომდე დახარჯულიყო. გასვლით მატჩზე გუნდს თუ ვერ გაყვებოდა – სადმე, სარაგბო ატმოსფეროში მეგობრებთან ერთად ენახა მატჩი და ათასობით კილომეტრის დაშორებით გადაეცა მისი მუხტი.
სწორედ ასეთი ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანების დამსახურებით, ამ დღეს 15 მარტს – 8 წლის წინ პირველად გამოჩნდნენ წითლად შემოსილი გულშემატკივრები ტრიბუნაზე.“
მათ ასევე ის თარიღი გაიხსენეს, როცა ფანკლუბი ოფიციალურად დაარსდა.
„იდეა ჯერ კიდევ 2012 წლის მიწურულს გაჩნდა, თუმცა გასავლელი გზა მარტივი ნამდვილად არ იყო.
2014 წლის 15 მარტს საქართველო – რუმინეთის მატჩზე, როგორც იქნა იდეამ ხორცი შეისხა და ბორჯღალოსანთა მხარდამჭერთა კლუბი ტრიბუნაზე გამოჩნდა.
საწყის ეტაპზე კლუბში სულ რამდენიმე ენერგიული ახალგაზრდა ირიცხებოდა. მიუხედავად მცირერიცხოვნებისა, მთავარი იდეა რაგბის მხარდაჭერა და ზოგადი სარაგბო გულშემატკივრობის კულტურის ფართო მასებისათვის გაცნობა, შეყვარება მუდმივად რჩებოდა ჩვენს მთავარ მიზნად.“
საქართველოს ნაკრების ფანკლუბმა ბოლო წლებზეც გაამახვილა ყურადღება.
„2020/21 წელს ჩვენც მძიმე პერიოდის გავლა მოგვიწია, როდესაც კორონავირუსმა ჩვენი საყვარელი გუნდის გვერდით დგომის საშუალება დროებით მოგვისპო.
სირთულეები უკან დარჩა. ჩვენ ბორჯღალოსნების გვერდით ვართ და მუდამ ვეცდებით კიდევ ბევრმა ჩვენნაირმა შეავსოს ტრიბუნა.“