საქართველოს რაგბის კავშირს საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.
მანამდე ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში, რუმინეთის ნაკრებს საქართველოს დროით 16:00 საათზე შეხვდება და ეს თამაში ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება. მატჩში გათამაშდება ტრადიციული, ამ ნაკრებებს შორის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“, რომელიც ამჟამად ბორჯღალოსნების მფლობელობაშია.
რაც შეეხება დანარჩენ გასვლით შეხვედრებს, ბელგიას 2 მარტს ბრიუსელში 18 საათზე ვერკინებით, ხოლო რაგბი ევროპას 17 მარტს კრასნოდარში, რუსეთთან ჯახით ვასრულებთ (16 საათზე).
საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ხელმძღვანელი
2019 წლის სეზონის გახსნას, სრკ-ს მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და მის დასაწყისში ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მაკა კვარაცხელია წარუდგინა.
„მინდა წარმოგიდგინოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მაკა კვარაცხელია, რომელიც ჩვენს გუნდში ახალი მოთამაშეა და მომავალში მასთან გექნებათ კომუნიკაცია. ჩვენ გვჭირდებოდა გაფართოება, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასთან დაკავშირებით, წელს უფრო დატვირთული და რთული წელიწადი გვექნება“, – განაცხადა მან.
მომცრო სტადიონებზე ობიექტური მიზეზით
რაგბი ევროპასთან დაკავშირებით ხარატმა განაცხადა, რომ საშინაო მატჩების ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაწყებულია და „ავჭალაზე“ ესპანეთთან მატჩის ბილეთები 15, ხოლო ქუთაისში გერმანიასთან შეხვედრის 10 ლარი ეღირება. მან ის მიზეზიც ახსნა, რის გამოც ეს თამაშები შედარებით მომცრო ტევადობის სტადიონებზე ჩატარდება –
„ავჭალაზე“ 3 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა, ხოლო ქუთაისში შეხვედრას უფრო მეტი ქომაგი იხილავს – 4800. „მიხეილ მესხის“ სტადიონის მინდვრის საფარს რეაბილიტაცია უტარდება და ამ ეტაპზე იქ თამაშის ჩატარება შეუძლებელია, რის გამოც არჩევანის გარეშე დავრჩით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისში თამაშების ჩატარება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ იცის ამ ქალაქის სარაგბო ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ და ის ფაქტობრივად მეორე სარაგბო ცენტრია“.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი