საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი - ძალიან რთული, დაუძლეველი გარემოებები შეგვექმნა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შეწყვეტილ პროცესსა და შიდა ჩემპიონატის განახლების პერსპექტივაზე ისაუბრა:
„არჩევნები გაგრძელდება, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა სამართლებრივად. გამგეობა შეიკრიბება და დანიშნავს თარიღს. საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, მაგრამ სამართლებრივი მექანიზმი არ გვაქვს, რომ 50-60 ადამიანი ერთ სივრცეში შევკრიბოთ. იმედი გვაქვს, რომ დაწყებულ პროცესს მალე გავაგრძელებთ.
რაც შეეხება თამაშების განახლებას. ეს დამოკიდებულია იმ მოვლენებზე, რომლებიც პანდემიას ახლავს თან. მიღებული რეგულაციები, რეკომენდაციები და სავალდებულო შესასრულებელი ნორმები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩემპიონატი განვაახლოთ, მინიმუმ აგვისტომდე. თუ ყველაფერი კარგი პროგნოზით წარიმართა, გუნდებს საშუალება მიეცემათ, რომ ვარჯიშები ჩაატარონ. ივლისის შუა რიცხვებიდან შესაძლებლობა იქნება სრულფასოვანი ვარჯიშის დაწყების, რომ გუნდები და მოთამაშეები ფორმაში შევიდნენ, ამას 20 დღე მაინც დასჭირდება. ამ პერიოდში ყველას არ ჰქონდა საშუალება, რომ ინდივიდუალურად ევარჯიშა“.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კლუბების რთულ ფინანსურ მდგომარეობაზეც ისაუბრა:
„უნდა გავითვალისწინოთ გუნდების ინტერესიც. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე. ჩვენ ამ პერიოდში, ივნისის ბოლოს, ივლისში გვქონდა სატრანსფერო ფანჯარა. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი გადაიწევს, რაც პირდაპირ დამოკიდებულია გუნდებთან მოთამაშეების კონტრაქტებზე, მოთამაშეების ინტერესებზე.
ძალიან რთული, დაუძლეველი გარემოებები შეგვექმნა, რომელმაც გუნდები ფინანსური მდგომარეობა არათუ გააუარესა, არამედ მე ვიტყოდი, რომ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. აგვისტოში ისინი ელოდებიან ახალი სეზონის თანხას, რომელიც ბიუჯეტში ზის, მაგრამ დარიგდება მაშინ, როცა ახალი სეზონი დაიწყება. ამიტომ, რაღაც „ფოკუსების“ მოგონება მოგვიწევს, რომ ყველას ინტერსი იყოს გათვალისწინებული, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ჩემპიონატი, გუნდების მდგომარეობა და მათ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.
მიმდინარეობს კონსულტაციები, გამგეობის წვრები და კლუბები იკრიბებიან პერიოდულად. მთავრობის დახმარების გარეშე ამ პრობლემების დაძლევას ვერ მოვახერხებთ და როცა გამოიკვეთება, რა ფორმით შეიძლება ჩვენი თხოვნა მთავრობაში წავიდეს, კლუბებთან ერთად რაგბის კავშირი გააკეთებს საერთო მიმართვას. როგორც უჭირს ქვეყანას, ისე გვიჭირს ჩვენც და ვფიქრობ, რომ ერთად ამ პროცესიდან ღირსეულად გამოვალთ“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სრული ინტერვიუ ნახეთ ბმულზე.