ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არაერთმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით დაიწყო სარაგბო სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენება. ამ ფაქტის გამო, საქართველოს რაგბის კავშირი მოგმართავთ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირი წარმოადგენს ქართული რაგბის სიმბოლოთა და ატრიბუტიკის მსოფლიოში ერთადერთ კანონიერ მფლობელს.
ეს სიმბოლოები, ნიშანთა სისტემა და სიტყვათა წყობა საქართველოს რაგბის კავშირის სახელზეა რეგისტრირებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში.
შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს ეს ნიშნები და მხოლოდ შეთანხმების საფუძველზე მიანიჭოს მესამე პირებს მათი გამოყენების უფლება და დაუდგინოს აღნიშნულის გამოყენების ფარგლები.
მივმართავთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება.
აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევის კანონისმიერ პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, გარდა მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისა, საქართველოს რაგბის კავშირი აქცევს საჯაროს ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობას, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ მოთხოვნას, რითაც მათ შეექმნებათ რეპუტაციული დისკომფორტი.
სასიხარულოა, რომ რაგბი პოპულარულია ბიზნესწრეებში. ჩვენც მზად ვართ, დავეხმაროთ მათ თავიანთი საქმიანობის რეკლამირებასა და წარმატებაში. ამისათვის, საკმარისია მხოლოდ შეთანხმება საქართველოს რაგბის კავშირთან, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა.