საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი - კვიპროსთან გუნდმა ხასიათი გამოავლინა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და მეკარე თათია გაბუნიამ კომენტარი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსთან სტუმრად მოგებულ (2:0) შეხვედრაზე.
ირის ანტმანი – „საოცარი თამაში იყო, რომელიც თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ და ჩვენს გეგმას ვერ მივყვებოდით. პირველი ტაიმის ბოლოს ათი ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ გამოვავლინეთ ის ხასიათი, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ – თუ რას ნიშნავს იყო გუნდი, რომელიც მთელი გულით თამაშობს. გოგონებმა სწორედ ასე ითამაშეს და ამით ძალიან ვამაყობ. წარმატების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლეთ, ორი გოლი გავიტანეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
თბილისშიც მოგება გვსურს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მატჩთან შედარებით განსხვავებულ თამაშს ვაჩვენებთ. ვამაყობ ჩემი გუნდით და ბედნიერები ვართ, რომ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებენ“.
თათია გაბუნია – „კვიპროსთან საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. 10 მოთამაშით დავრჩით, მაგრამ მაინც შევძელით და სამი ქულა მოვიპოვეთ. შემდეგი შეხვედრა 4 ივნისს თბილისში კვლავ კვიპროსთნ გვაქვს და ქომაგებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ, რადგან მათი თანადგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ოთხი ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 4 ივნისს, თბილისში კვიპროსის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
საქართველოს ქალთა ნაკრების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასწრება თავისუფალია.