საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ყველაფერი წინ არის, ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გასვლის შესახებ.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ლიეტუვის ნაკრები სტუმრად 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა.
„ლიეტუვას უკვე მეოთხედ ვხვდებით და მათთან წაგების და ფრედ თამაშის გამოცდილება გვქონდა. მიხარია, რომ ამჯერად მოგება შევძელით. ვინც მატჩს უყურა, ჩვენი ნაკრებით იამაყებდა. შეხვედრა არასახარბიელოდ დავიწყეთ, თუმცა, ვფიქრობ, მატჩის მეორე ნახევარში ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ.
ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. მათ ამ წარმატებაში დიდი შრომა ჩადეს. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენს მატჩებს მუდმივად ესწრება. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით და მიხარია, რომ ეს შევძელით.
ყველაფერი წინ არის, ნაკრებში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენ გვერდით დგას და ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ“, – განაცხადა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. ორრაუნდიანი პლეი ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება.
პლეი ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.