საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - პლეი ოფში თამაში ისტორიული შედეგია, ახლა განვითრების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა დუბლინში ირლანდიასთან ჩატარებულ ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაზე, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით (3:0) დასრულდა.
„პლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვებით ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ ირლანდიასთან დაპირისპირება ადვილი არ იქნებოდა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთ დონეზე აქამდე არ უთამაშია, გუნდი განვითარების ეტაპზეა.
პირველ შეხვედრაში 0:6 მარცხი, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობ, საპასუხო მატჩში ფეხბურთელებმა თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეძლეს. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მოთხოვნა, საკუთარი თავისთვის მეტი მოეთხოვათ და მეტისთვის მიეღწიათ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან მათ მოედანზე იბრძოლეს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს. სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ შევძელით. ამ თამაშებით ერთი ეტაპი დასრულდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
დუბლინის სტადიონზე ქართველი ქომაგების ნახვა ძალიან სასიხარულო იყო. მათ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ, რაც ძალიან საამაყოა“, – განაცხადა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა.