საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - მატჩის შედეგი არ ასახავს რეალურ სხვაობას საქართველოს და ლიეტუვის ნაკრებებს შორის #1TVSPORT
ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა მატჩი შეაფასა და შედეგით იმედგაცრუება არ დამალა.
„გულდაწყვეტილები ვართ. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. დავისაჯეთ, და გოლები საკუთარ კარში მივიღეთ. ფეხბურთში ასე ხდება. სამწუხაროდ, მოთამაშეებისთვის საუკეთესო დღე არ იყო. დღევანდელი მატჩის შედეგი არ ასახავს რეალურ სხვაობას საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებებს შორის.
მეორე გოლის გაშვებამდე ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ამ გოლმა ბევრი რამ შეცვალა და თამაში მეტოქის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. დეკემბერში ლუქსემბურგთან მატჩი გველის.
ფეხბურთელებმა ამ შეკრებაზე 12 დღის განმავლობაში ბევრი იშრომეს და სურდათ წარმატების მიღწევა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის“, – განაცხადა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები დეკემბერში გამართავს – პირველ დეკემბერს ჩვენი გუნდი ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო 5 დეკემბერს თურქეთს ესტუმრება.