საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ბელარუსი ჯგუფის საუკეთესო გუნდია, მაგრამ გვსურს, კარგად ვითამაშოთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ბელარუსის ნაკრებთან ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელიც 9 აპრილს კვიპროსში გაიმართება.
„ვემზადებით ბელარუსთან მატჩისთვის, რომელიც ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. გვსურს, კარგი თამაში ვაჩვენოთ. თუ ჩვენს შესაძლებლობებს წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის მიღწევას შევძლებთ. ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე.
ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, როგორც ეს ბოლო შეხვედრაში მოხდა.
ლიეტუვასთან რთული მატჩის შემდეგ მოთამაშეები ცოტა დაღლილები არიან, თუმცა თავს კარგად გრძნობენ. სათადარიგოთა სკამზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მსგავს ვითარებაში ეხმარებიან გუნდს. ასე რომ, მზად ვართ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ბელარუსი – საქართველოს მატჩი 9 აპრილს, საფეხბურთო კლუბ „ახნასის“ სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.