საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთ კვირაში მეტოქის ორჯერ დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრის შესახებ ისაუბრა. გუნდებს შორის მეორე ამხანაგური თამაში 28 თებერვალს გაიმართება.
„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მეორე შეხვედრას უცვლელი შემართებით ვხვდებით. მოედანზე გასულმა მოთამაშეებმა უნდა აჩვენონ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მეტოქის დამარცხება ორჯერ შეუძლიათ. პირველ თამაშში ძალიან კარგად იმოქმედეს და ვფიქრობ, რომ ამას მეორე მატჩშიც მოახერხებენ.
მართალია, ცოტა ცივა, თუმცა გულშემატკივარს სტადიონზე მაინც ვეპატიჟები. ფეხბურთელები უკეთ თამაშობენ, როდესაც მათ მხარდაჭერას გრძნობენ. ვიმედოვნებ, ჩვენი გულშემატკივრები მოვლენ დროშებით და საკუთარი ქვეყნის ნაკრებით იამაყებენ“, – ამბობს ირის ანტმანი.
გუნდებს შორის 25 თებერვალს ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 3:0. საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 28 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება და მასზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.