საქართველოს ქალთა ნაკრები ლიდერ ბელარუსთან ბოლო წუთებზე დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნულმა გუნდმა მატჩი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და, ჯგუფის ლიდერთან კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით 0:2 დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩში, რომელიც „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარდა, ირის ანტმანის გუნდმა პირველი ტაიმი უგოლოდ დაასრულა. ჩვენი ნაკრები მეორე ტაიმშიც გამოცდილ მეტოქეს ღირსეულად ეთამაშებოდა და ქულის მოპოვება შეეძლო.
სამწუხაროდ, ვითარება მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეიცვალა. ბელარუსის ნაკრების მოთამაშემ, კარინა ალხოვიკმა ბურთი ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, მოულოდნელად კარში დაარტყა და მეკარე თათია გაბუნიამ რეაგირება ვერ მოახერხა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ძალებით შეუტია, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და მეორე გოლიც გაუშვა – კონტრშეტევაზე, 90+2-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ვიკტორია ვალიუკმა დააფიქსირა.
ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ციკლში 7 ქულა დააგროვა, რაც ქალთა ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია და ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-2 ადგილზეა. ირის ანტმანის გუნდი შემდეგ შეხვედრას 16 ივლისს, დრუსკინინკაიში უშუალო კონკურენტთან, ლიეტუვასთან გამართავს.