საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიას შეხვდება - გუნდს კარლსრუეს მცველი დაემატა
საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიას შეხვდება - გუნდს კარლსრუეს მცველი დაემატა

3 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს – ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე იტალია იქნება.

ქალთა ნაკრებმა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრებში საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ლიდერები, გულნარა გაბელია და ტატა მატვეევა ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

გუნდში ცვლილებებიცაა: მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იტალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს „გორი იუნაიტედის“ მცველი ნათია სხირტლაძე და გერმანული „კარლსრუეს“ ფეხბურთელი თამარ ქველიძე დაემატნენ.

საქართველოსა და იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 3 სექტემბერს, 16:15 საათზე დაიწყება.