საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი - გოგონები თამაშს აუმჯობესებენ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა თებერვლის შეკრება შეაჯამა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ამხანაგურ მატჩში ორჯერ დაამარცხა – 3:0 და 1:0.
„საკმაოდ ხანგრძლივი შეკრება გამოვიდა. გოგონებმა 14 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს. 48-საათიანი ინტერვალით ორი რთული თამაში ჩავატარეთ, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგია. ვირუსის გამო ბევრი პრობლემა გვქონდა, ამ მიზეზით მეორე მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა.
ბედნიერი ვარ, რომ ორივე თამაში მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ პირობებში შეუძლიათ გამარჯვებისთვის ბრძოლა, რაც ძალიან კარგია.
ერთა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ცოტა დაგვაკლდა. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია. მომდევნო ციკლში უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. მიხარია, რომ შეკრებიდან შეკრებამდე გოგონები თამაშს აუმჯობესებენ“, – ამბობს საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
5 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა, საკვალიფიკაციო ეტაპი კი აპრილში დაიწყება.