საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პრემიერთან, დედაქალაქის მერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომლებიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოავლინა.
პრეზიდენტმა 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – მსოფლიო თასის ხუთგზის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული პარაძიუდოში ზვიად გოგოჭური დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მისი და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს იმ თავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული წარმატებებისთვის, რომლითაც ამაყობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
საქართველოს პრეზიდენტმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში კიდევ უფრო მეტი წინსვლა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელსაც, მათი გამარჯვებების აღსანიშნავად, ბევრჯერ აიწევა მაღლა საქართველოს დროშა.
„ჩვენი სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ქართული სპორტის სიძლიერით ჩანს ქართული სახელმწიფო და მისი სიძლიერე. თქვენ, ამ სახელმწიფოს დიდი იმედი ხართ. სახელმწიფო დგას ბევრ რამეზე, მათ შორის, კულტურასა და სპორტზე. ამდენად, თქვენ ძალიან ძვირფასი ხართ ჩვენი სახელმწიფოსათვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ვისურვო, რომ არა მხოლოდ 2019-ში, არამედ, 2020-ში – ოლიმპიურ წელსაც საქართველომ მსოფლიო ასპარეზზე უამრავ წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსთაველის თეატრში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გახსნა, ესწრებოდნენ: ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.