საქართველოს პოტენციური მეტოქე | ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი წასვლაზე ალაპარაკდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაგომედ ადიევი გუნდში მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს, – ინფორმაციას ყაზახური ინტერნეტპორტალი sports.kz-ი ავრცელებს.
„მაგომედ ადიევმა შესანიშნავ შედეგს მიაღწია ყაზახეთის ნაკრებში და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აკლია. ასეთი თამაშების შემდეგ ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა, თუ ბოლო განცხადებებით ვიმსჯელებთ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
ნოემბერში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ადილეტ ბარმენკულოვმა აღნიშნა, რომ ყაზახეთს დიდი გეგმები აქვს ადიევთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ყაზახური კლუბიც უნდა ჩაებარებინა.
თუმცა ცოტა ხნის წინ რუსმა მწვრთნელმა ისეთი რამ თქვა, რამაც, შეიძლება, შეაშფოთოს ყაზახეთის ნაკრების გულშემატკივრები. სპეციალისტმა განაცხადა, რომ რამდენიმე კლუბიდან აქვს შეთავაზება.
პრეზიდენტისა და მწვრთნელის განცხადებები განსხვავებულია. შესაძლოა, ადიევი თავს იფასებს, რადგან, პლეი ოფის შედეგების მიუხედავად, ნაკრებთან ერთად მან უკვე მიაღწია პროგრესს. ან სპეციალისტს ესმის, რომ ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან ერთად მაქსიმუმი უკვე აჩვენა და არ სურს, გულშემატკივრისა და ფედერაციის დიდი მოლოდინების მძევალი გახდეს.
შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ადიევმა საბოლოოდ გადაწყვიტა, არ მიეღო ყაზახეთის მოქალაქეობა. ალბათ ადიევი უკვე ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე“, – წერს ყაზახური გამოცემა.
ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში 21 მარტს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო საბერძნეთი – ყაზახეთს. გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის საგზურს 26 მარტს დაგეგმილ ფინალში გაითამაშებენ.