საქართველოს პირველი არხის ექსკლუზივი | არჩილ ბერიძე - „ბორდომ“ ბათუმის „დინამოდან“ დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ „ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა.
„დავითაშვილის ტრანსფერი დაიხურა – ზურიკოს „ბორდოსთან“ იჯარა დაუსრულდა, სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდა და ახლა ის ფრანგული კლუბის ფეხბურთელი გახდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. 22 წლის შემტევი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაშია და ევრო 2023-ზე ბელგიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება.
„რაც შეეხება ჩემს მომავალს, ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, ისევ „ბორდოში“ დავრჩები“, – ეს ზურიკო დავითაშვილმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და A ჯგუფის ლიდერია. მეორე დაპირისპირებას გუნდი ეროვნულ სტადიონზე ბელგიასთან დღეს, 24 ივნისს გამართავს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.