საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 20 წლისა გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი, საუკეთესო პარანაკრები, საუკეთესო მწვრთნელი, ყველაზე პროგრესირებადი პარასპორტსმენი, 2023 წლის ვეტერანი პარასპორტსმენი, სპეციალური პრიზი პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და პარასპორტსმენი ქალი.
ღონისძიებაზე, ასევე, კომიტეტი დააჯილდოებს მხარდამჭერ და პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს. ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. საინფორმაციო მხარდამჭერი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, პარასპორტსმენები, მათ შორის, ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები, შშმ პირთა ორგანიზაციები, პარტნიორი სპორტული ფედერაციები და კერძო კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.
პარალიმპიური კომიტეტის შესახებ:
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარალიმპიურ მოძრაობაში ჩართვა და უმაღლესი სპორტული შედეგებისთვის მომზადება, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სპორტულ ტურნირებში, ზაფხულისა და ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პარალიმპიური მოძრაობის ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. კომიტეტი აღიარებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მიერ და პარასპორტსმენთა მომზადებასა და განვითარებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.