საქართველოს ნაკრებთან უკრაინელებს ვერც „რეალის“ მეკარე დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან უკრაინელებს ვერც „რეალის“ მეკარე დაეხმარება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი უკრაინის ნაკრებს ნოემბერში საქართველოსა და ალბანეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას უკრაინის ფედერაცის პრესსამსახური ავრცელებს.

ლუნინი შეკრებაზე ოჯახური მიზეზების გამო არ ჩამოვა. მის ნაცვლად სერგეი რებროვმა დონეცკის „შახტარის“ მეკარე დმიტრო რიზნიკი გამოიძახა. „ოსასუნასთან“ ლა ლიგის ბოლო მატჩის შემდეგ (4:0) ლუნინმა ინსტაგრამზე მიანიშნა, რატომ არ წავა ნაკრებში – მის მეუღლეს, ანასტასიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ეს შედეგი შენთვისაა. უჩვეულოა, რომ სტადიონზე ვერ გნახე, მაგრამ ჯანმრთელობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე შენთან ვარ“, – დაწერა ლუნინმა.

ლუნინი ერთადერთი არაა, ვინც რებროვის გუნდს გამოაკლდა. უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში ვერც ვიკტორ ციგანკოვი დაეხმარება. საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ „ჟირონას“ შემტევ ნახევარმცველს უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე კიევის „დინამოს“ კაპიტანი, ვეტერანი შემტევი ვიტალი ბუიალსკი ჩაანაცვლებს.

უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე გამართული 4 ტურის შემდეგ 4 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა და 16 ნოემბერს ბათუმში ესტუმრება საქართველოს ნაკრებს (6), რომელიც მეორე პოზიციაზეა, ხოლო 19-ში ალბანეთს ტირანაში დაუპირისპირდება.