საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ბულგარელებს შემტევი დააკლდათ #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრებს ერთა ლიგის დაწყებამდე საკადრო პრობლემები შეექმნათ – მათ ხუთი მოთამაშე დააკლდათ. საქართველოსთან მეორე ტურის შეხვედრამდე კი ტრავმირებულთა სიას კიდევ ერთი მოთამაშე შეუერთდა.
ბულგარული გამოცემების ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ აღდგენით ვარჯიშზე არ იყო სოფიას ცსკა-ს ფლანგის შემტევი გეორგი იომოვი, რომელსაც ტერფის ტრავმა აწუხებს.
სოფიას „ლევსკის“ მეკარეს, ნიკოლაი მიხაილოვს ჩრდილოეთ მაკედონიელებთან მატჩის დროს ბურთი თავში ისე მოხვდა, სამედიცინო პერსონალი რამდენიმე წუთის განმავლობაში ეხმარებოდა. მაგრამ ის უკვე თავს კარგად გრძნობდა და საქართველოსთან მომავალ მატჩში უპრობლემოდ ითამაშებს.
ბელგიური „ლეუვენის“ ცენტრალური ნახევარმცველი, ლევან შენგელიას თანაგუნდელი კრისტიან მალინოვიც უკეთ გრძნობს თავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შეუძლია თუ არა მომავალ მატჩში ნაკრების დახმარებას.
ერთა ლიგის ც4 ჯგუფში ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს რაზგრადის „ჰუვეფარმა არენაზე“ კვირას, 5 ივნისს შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 22:45 საათზე შემოგთავაზებთ.