საქართველოს ნაკრების საქომაგოდ გულშემატკივრები ბულგარეთში გაემგზავრნენ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები დღეს დილით ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში გაემგზავრა, სადაც 5 ივნისს ერთა ლიგის C4 ჯგუფის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები დაესწრებიან, რომლებიც ბულგარეთში უკვე გაემგზავრნენ – ამის შესახებ ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბი, „შავი ზღვის პირატები“ იუწყება. ისინი გუნდს ტრიბუნებიდან ეროვნული გუნდის ფან-კლუბთან, ქართული სპორტის ქომაგებთან ერთად გაამხნევებენ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით დღეს დილით გავემგზავრეთ ბულგარეთისკენ, ხოლო იქედან ჩრდილოეთ მაკედონიაში გადავინაცვლებთ. „პირატები“ და ქართული სპორტის ქომაგები, ორივე გასვლით მატჩს ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ერთად, ვუქომაგებთ. მადლობა მათ, ვინც ეს შესაძლებლობა მოგვცა – ჩვენ კი ვეცდებით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავი მარტოდ არც საზღვრებს გარეთ იგრძნოს. საქართველოსთვის – ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერია გავრცელებულ წერილში.
„რამდენიმე საათის წინ ნაკრების ქომაგთა ერთმა ჯგუფმა უკვე გადაკვეთა თურქეთის საზღვარი და ბულგარეთში ავტობუსით გაემგზავრა. ბათუმელი „პირატებისა“ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებით წარმოდგენილი ფანები ორივე გასვლით მატჩს დაესწრებიან. რამდენიმე საათში ქომაგთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება ბულგარეთში. 5 ივნისს, საქართველოს ნაკრებს, რაზგრადის „ლუდოგორეცის“ სტადიონზე 100-მდე ქომაგი დაუჭერს მხარს“, – ეს ინფორმაცია „ქართული სპორტის ქომაგებმა“ გაავრცელეს.