საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მალტასთან 1 ივნისს გასამართი მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელით ემზადება. საკლუბო მატჩების გამო, ავსტრიაში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე ეროვნულ გუნდს დაგვიანებით კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა.
გუშინ საღამოს, ავსტრიულ შეკრებაზე გამოცხადნენ ლაშა შერგელაშვილი, ბექა ვაჩიბერაძე (ორივე – რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი). ოთხივე ფეხბურთელმა ბად-ჰარინგში ჩასვლის პირველ დღეს მსუბუქად ივარჯიშა.
შეგახსენებთ,რომ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი) და ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი) საკლუბო მატჩების გამო, ნაკრებს მხოლოდ ლუქსემბურგთან 5 ივნისს დაგეგმილ მატჩში დაეხმარებიან.