საქართველოს ნაკრებს ამსტერდამში შერმადინი, ბურჯანაძე და მაკფადენი შეუერთდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნიდერლანდებში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში უცხოეთში მოთამაშე სამი წევრი – გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი შეუერთდნენ, რომლებმაც საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ილიას ზუროსმა ნიდერლანდებში პირველი ვარჯიში იმ დარბაზში გამართა, რომელმაც 23 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს უნდა უმასპინძლოს.

დარბაზი, რომელსაც Topsportcentrum-ი ეწოდება, ამსტერდამთან ახლოს მდებარე ქალაქ ალმერეში მდებარეობს. სასტუმროდან, რომელიც ამსტერდამის იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონთან მდებარეობს და რომელშიც საქართველოს ნაკრებია დაბინავებული, დარბაზამდე 20 კილომეტრია.

როგორც წესი, მგზავრობის დღეს მწვრთნელებმა მოთამაშეები არ დატვირთეს. ვარჯიში არ იყო კონტაქტური და ძირითადად კომბინაციების დაგეგმვას, სროლებს და, რა თქმა უნდა, მოთელვებს დაეთმო.

დარბაზი 3000 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თქვეს, ყველა ბილეთი გაყიდულია.

ეროვნულ ნაკრებს 21 თებერვალს მისი კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება და ილიას ზუროსიც ნიდერლანდებთან მატჩისთვის კალათბურთელებს სრული დატვირთვით ავარჯიშებს.

gbf.ge