საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიგო - ვოლკოვის გოლით ქართველებმა უზბეკეთს აჯობეს [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  • საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ჯერ კოსოვოს მხარე დაამარცხა, შემდეგ შვედეთი, ამჯერად უზბეკეთი. 2018 წელს ერთა ლიგაზე „ჯვაროსნებს“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ.

  • დავით ვოლკოვმა საქართველოს ნაკრებში მეორე მატჩი გამართა და პირველი გოლი გაიტანა.

  • უზბეკეთმა და საქართველომ ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად 2017 წელს ითამაშეს. შეხვედრა ფრედ დასრულდა – 2:2.


  • ჯვაროსნებს აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ნაკრებების წინააღმდეგ  9 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 4 ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა, 3 აზიელებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა.

  • 2021 წელს საქართველოს ნაკრების 11 მატჩში 3 ქართველი ფეხბურთელი გააძევეს. ორ შემთხვევაში ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა: უზბეკეთთან მოედანი აზაროვმა დატოვა, რუმინეთთან – კვირკველიამ.

საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო ამხანაგური შეხვედრა გორში ჩაატარა – შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი მატჩის მოგების შემდეგ გულშემატკივარი „ჯვაროსნებისგან“ ისევ მოგებას ელოდა. ნაკრებმა იმედი გაუმართლა, თუმცა ბევრიც ანერვიულა.

ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში, როგორც თავად წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბევრი ცვლილება არ ყოფილა. უპირველესად, ეს უკანა ხაზს ეხებოდა, სადაც ის კვარტეტი ვნახეთ, რომელმაც შვედეთთან ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ფრანგ მწვრთნელს ასევე არ შეუცვლია ნახევარდაცვის ხაზი, მხოლოდ თავდასხმის ხაზი იყო შეცვლილი, სადაც დავით ვოლკოვი პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში და ვაკო ყაზაიშვილსა და ზუკა დავითაშვილს შეუწყვილდა.

შეხვედრა უზბეკებმა აგრესიული მაღალი პრესინგით დაიწყეს. თუმცა, პირველი სახიფათო მომენტი მე-3 წუთზე ვაკო ყაზაიშვილის ინდივიდუალურ რეიდს მოჰყვა, თუმცა ბოლო მომენტში ფეხებში მცველი ჩაუხტა და ვითარება განმუხტა. სტუმრებს კი პირველი რეალური შანსი მე-7 წუთზე ჰქონდათ, როდესაც ელდორ შომურადოვმა ბურთი კარის წინ მიიღო, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.

საქართველოს ნაკრებმა მე-12 წუთზე საიხფათო კონტრშეტევა წამოიწყო და გატანა შეეძლო, მაგრამ საბა ლობჟანიძის ფლანგურ გადაცემაზე მეკარემ ბურთი დაამიწა და კარის წინ გახსნილ დავით ვოლკოვამდე არ გაუშვა.

ნელ-ნელა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა. მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს მეტოქის დაცვაში შეღწევა და მომენტის შექმნა უჭირდათ. 25-ე წუთზე სწრაფი შეტევის განვითრება მოხერხეს, კარში ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყა, თუმცა ბურთი მცველისგან ასხლეტით კუთხურზე გადავიდა.

ამის შემდეგ უზბეკები ისევ გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე სტუმართა თავდამსხმელებსაც დააკლდათ. 39-ე წუთზე ჯალოლიდინ მაშარიპოვმა საჯარიმო სახიფათო დისტანციიდან შეასრულა, მაგრამ კარის ჩარჩოში ვერ მოარტყა.

გამოუყენებელი შანსებისთვის უზბეკები მალე დაისაჯნენ – 41-ე წუთზე საჯარიმოში ზუკა დავითაშვილმა კარგად ითამაშა, ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მცველებთან ბრძოლაში დავით ვოლკოვი შეწვდა და ნაკრებში სადებიუტო გოლით ანგარიში გახსნა – 1:0.

 

მეორე ნახევარი უზბეკებმა ისევ აქტიურად დაიწყეს, საქართველოს ნაკრებიდან შეტევის გამწვავება 57-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა სცადა, როდესაც რამდენიმე მეტოქეს გასცდა, მაგრამ მცველი გადაეფარა და ბურთი კარისკენ არ წავიდა.

ჩვენს ნაკრებს დამაჯერებლობა აკლდა და ვილი სანიოლმა შეტევების გასაძლიერებლად მოედანზე ის მოთამაშეები შემოიყვანა, რომლებიც შვედეთთან ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. 83-ე წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარში ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა და უზბეკები ძელმა გადაარჩინა.

84-ე წუთზე კი უკრაინელმა მთავარმა არბიტრმა რომანოვმა მცირე კონფლიქტისთვის მოედნიდან ორივე გუნდის მოთამაშეები გააძევა – ფარუკ საიფიევი და ირაკლი აზაროვი. ამის შემდეგ კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შეუტია, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. ორიოდე წუთში ხვიჩამ კიდევ სცადა ბედი და უზბეკები მეკარემ გადაარჩინა. ბოლოსკენ უზბეკებმა ისევ სცადეს გატანა და ლაზარე კუპატაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო და წელი მოგებით დაასრულა. ამავე დროს, ისიც აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა მოიგო.

მატჩის სტატისტიკა:

საქართველო – უზბეკეთი 1:0

გოლები: 1:0 ვოლკოვი (41. დავითაშვილის პასით)

ამხანაგური მატჩი. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“

საქართველო (3-4-3): კუპატაძე – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა – ლობჟანიძე (86. გიორბელიძე), კვეკვესკირი, გვილია (71. აბურჯანია), აზაროვი – ყაზაიშვილი (60, კვარაცხელია), ვოლკოვი (71. წიტაიშვილი), დავითაშვილი (60. ოქრიაშვილი)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

უზბეკეთი (4-2-3-1): იუსუპოვი – აბდულავევი, ხოშიმოვი (46. იულდაშევი), საიფიევი, კობილოვი – ალიბაევი (46. განიევი), ხამრობეკოვი – მაშარიპოვი, ხამდამოვი (64. ერკიმოვი), შუკუროვი – შომუროდოვი (78. სერგეევი)

მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი

მთავარი არბიტრი: ვიტალი რომანოვი (უკრაინა)

გაფრთხილებები: კაშია (59), შუკუროვი (82)

გაძევება: ფარუკ საიფიევი (84), ირაკლი აზაროვი (84)