საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში დაამარცხა - 96:88 [ვიდეო]

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დღეს შვეიცარიის ეროვნულ გუნდს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა.

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პირველი ორი პერიოდი ჩვენი კალათბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში შვეიცარიელებმა ანგარიშის ჯერ სახიფათო მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს, შემდეგ კი გაათნაბრეს – 79:79.

ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, ოვერტაიმი დაინიშნა, რომელიც დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 96:88.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული აქვს და ეს შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

23 თებერვალს საქართველოს ეროვნული გუნდი სერბეთში გაემგზავრება და ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შვეიცარიისა და სერბეთის ნაკრებების გარდა, ჩვენს შესარჩევ ქვეჯგუფში ფინეთის ეროვნული გუნდიც ასპარეზობს.