საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა #1TVSPORT

2021 წლის სეზონის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველი ტურის შეხვედრაში საქართველო პორტუგალიას სტუმრად, ლისაბონში დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 29:16 დაამარცხა.

მატჩის სტარტზე მასპინძლები პორტელას და მარკესის ჯარიმებით დაწინაურდნენ და მათ დამრტყმელებს რომ ევარგათ, კიდევ უფრო წინ გავიდოდნენ. დაპირისპირების პირველი ლელო მე-19 წუთზე აფრასიძის პასის შემდეგ მოდებაძემ დადო. მალევე, მეტოქის 22 მეტრიან ზონაში აგორებულ მოლს ჯაბა ბრეგვაძის ლელო მოჰყვა. 32-ე წუთზე მასპინძლების მწვავე შეტევა კვესელაძემ წესების დარღვევით ჩაშალა და ყვითელი ბარათით დაისაჯა. „მგლები“ გააქტიურდნენ და სცადეს მეტოქის კაცნაკლულობით ესარგებლათ, რაც 36-ე წუთზე გამოუვიდათ კიდეც – ლელო როდრიგო მარტამ დადო, მარკესმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლები სამი ქულით, ანგარიშით 13:10 დაწინაურდნენ. თამაშის პირველი ნახევარი ასეც დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველი ქულები კვლავ მასპინძლებმა მოიპოვეს – საჯარიმო ზუსტად მარკესმა შეასრულა და როგორც აღმოჩნდა, ეს მასპინძელთა ბოლო გაბრძოლება იყო. 48-ე წუთზე თავი ლელოთი მელიქიძემ გამოიჩინა. 65-ზე კი მორიგი მოლის შემდეგ ლელო მამუკაშვილმაც მიითვალა და „ბორჯღალოსნები“ ექვსქულიანი უპირატესობით გავიდნენ წინ – 22:16. თამაშის დასკვნით მეოთხედში ქართველები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. ხანგრძლივი იერიშის შემდეგ გუნდის რვა ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ „ბორჯღალოსნების“ ბოლო, მეხუთე ლელო დადო. საბოლოო ანგარიში გარდასახვით სოსო მათიაშვილმა დააფიქსირა – 29:16.

„ბორჯღალოსნებმა“ სამი და მეტი ლელოთი მოგებისთვის სატურნირო ბონუსიც ჩაიწერეს და ხუთი ქულით „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ცხრილის სათავეში მოექცნენ. დღის მეორე შეხვედრაში რუსეთმა რუმინეთი ანგარიშით 18:13 დაამარცხა, ოთხი სატურნირო ქულა მოიპოვა და მეორე ადგილზეა.