საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო - ქვილითაია დაშავდა, ლობჯანიძე დაიმატეს, გრიგალავა და მჭედლიძე დააბრუნეს
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნაკრები შეკრიბა და გუნდმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბა და ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.
საქართველოს ნაკრები 7 ივნისს გიბრალტარის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე უმასპინძლებს. 10 ივნისს კი დანიას ესტუმრება და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით წარიმართა. რამდენიმე ფეხბურთელი საკლუბო მატჩების გამო ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
ინდივიდუალურად ვარჯიშობს საბა კვირკველია, გიორგი ქვილითაია კი, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა და მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, ნაკრებს ასევე ვერ დაეხმარება ჩეხური „ზლინის“ ქართველი ლეგიონერი ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელიც ჩეხეთში სამუშაო ვიზის მოლოდინშია. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში „თარაზის“ ქართველი ლეგიონერი, გუჯა ლობჯანიძე დაიმატეს. აქვე ვიტყვით, რომ ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტულის „არსენალის“ მცველი გია გრიგალავა და „ემპოლის“ თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე დაუბრუნდნენ.
ეროვნული ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ვარჯიშობს:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)