საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

ერთა ლიგაზე ყაზახეთთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ტურნირის მეორე შეხვედრისთვის ემზადება.

ვლადიმირ ვაისმა „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ყაზახეთთან შეხვედრაში დასვენებული ან შეცვლაზე ნათამაშები ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს.

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიშს 8 სექტემბერს გამართავენ. ფეხბურთის ფედერაციამ გუნდების მზადების გრაფიკი გამოაქვეყნა:

17:00 საათი – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია – „დინამო არენა“;

20:00 საათი – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის) – „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზა;

18:15 საათი – ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენეცია – „დინამო არენა“;

19:00 საათი – ლატვიის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის) – „დინამო არენა“.

 

გულშემატკივარს საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა www.tkt.ge და „დინამო არენას“ სალაროებში შეუძლია.

საქართველო-ლატვიის შეხვედრა 9 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.