საქართველოს ნაკრებმა ისლანდია რეიკიავიკში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეშვიდე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში ისლანდიას დაუპირისპირდა და 88:85 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გამოცდილი სასტარტო ხუთეული დააყენა: გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.

ჩვენი გუნდის კალათბურთელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა, მეტ-ნაკლებად კარგად შეაჩერეს ისლანდიელთა სწრაფი შეტევები და პირველი ტაიმი 45:38 მოიგეს.

მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა 11:3 გაქცევა მოაწყვეს და დაწინაურდნენ კიდეც. უმეტესად პერიმეტრიდან ტყორცნების წყალობით ისლანდიელებმა 7-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს. თუმცა მეოთხე პერიოდის წინ ტაბლოზე ისლანდიის სასარგებლოდ 63:60 ეწერა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მეოთხე პერიოდში ქართველებმა დაცვა გამოასწორეს და ბოლოსწინა წუთზე 7 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა 6:0 გაქცევის შემდეგ საფინალო სირენამდე 47 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 83:82 საქართველოს სასარგებლოდ. ბოლო წამებზე გუნდები ჯარიმების ტყორცნებში გაეჯიბრნენ, სადაც შედარებით მაღალი სიზუსტე ქართველებმა გამოავლინეს და 88:85 გაიმარჯვეს.

სიმბოლურია, რომ შეხვედრის ბოლო, გადამწყვეტი მოხსნა და ქულა საუკეთესო მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ მიითვალა. მის ანგარიშზე 27 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა. გიორგი შერმადინმაც ორმაგი დუბლი შეასრულა: 10 ქულა, 11 მოხსნა. დუდა სანაძემ 13 ქულა, ხოლო თად მაკფადენმა 12 ქულაჩააგდო.

გადამწყვეტ მომენტში სამქულიანებით გამოირჩნენ რატი ანდრონიკაშვილი და მიხეილ ბერიშვილი. პირველმა 6 ქულა ჩააგდო, მეორემ – 9. ყველა სამიანებით.

სხვათა შორის, ეს იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი პერიმეტრიდან ტყორცნების მიხედვით. ილიას ზუროსის შეგირდებმა 29-დან 11 სამიანი გამოიყენეს.

 

საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ისლანდიის მსგავსად 4 მოგება აქვს და ძალიან ახლოსაა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან. საამისოდ საჭიროა ჩვენმა გუნდმა ჯგუფის საუკეთესო სამეულში ადგილი შეინარჩუნოს.

უახლოეს მატჩს „ჯვაროსნები“ 14 ნოემბერს თბილისში იტალიასთან ითამაშებენ, ხოლო ბოლო ორი ტურის შეხვედრები თებერვალშია დაგეგმილი – შინ ისლანდიასთან და სტუმრად ნიდერლანდებში.