საქართველოს ნაკრებმა ისევ ფოთში ივარჯიშა - კაშია, ხოჭოლავა და კიტეიშვილი ინდივიდუალურად ემზადებიან #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის ემზადება – ბოლო წლებში პირველად, ფეხბურთელები არა თბილისში, არამედ, ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე ვარჯიშობენ.
დღეს საქართველოს ნაკრებს შეუერთდნენ ლეგიონერები და გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. ყველაზე გვიან, პირველ სექტემბერს გუნდთან ერთად სამხრეთ კორეულ „ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ივარჯიშებს, რომელიც უკვე საქართველოშია.
ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს საქართველო – კოსოვოს მატჩის მასპინძელ ბათუმის ახალ სტადიონზე ხვალ, 17:30 საათზე გამართავს, ხოლო 17:00 საათზე პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უპასუხებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი ზარია (ყველა – დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)
საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებების მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 2 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.