ჩოგბურთში ფედერაციის თასზე ევროპა-აფრიკის მეორე ზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. პირველ ტურში ისრაელის დამარცხების (2:1) შემდეგ, ჩვენმა გუნდმა „მშრალი“ ანგარიშით მოუგო მოლდოვას ნაკრებს.
პირველ მატჩში ეკატერინე გორგოძემ (კლასიფიკაციის 195-ე ნომერი) 37 წუთში გაანადგურა ურეიტინგო იანა ტიშჩენკო – 6:0, 6:0. მეორე შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძემ (165) ანასტასია ვდოვენკო (916) დაამარცხა – 7:5, 6:3. შეხვედრა საათი და 53 წუთი გრძელდებოდა.
წყვილებში საქართველოს ნაკრების მხრიდან ახალგაზრდულმა წყვილმა ითამაშა, მარიამ დალაქიშვილისა და ზოზია ქარდავას შემადგენლობით. მათ 6:2, 6:4 მოუგეს დანიელა კიობანუსა და ტიშჩენკოს დუეტს – 6:2, 6:4.
ჯგუფის მეორე მატჩში ტუნისმა ანგარიშით 2:1 მოუგო ისრაელს. საქართველოსა და ტუნისის ნაკრებებმა ორ-ორი მატჩი მოიგეს და ნახევარფინალში თამაში გაინაღდეს. ხუთშაბათს, მათ შორის შეხვედრა გაარკვევს ქვეჯგუფში პირველი ადგილის მფლობელის ვინაობას.