საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე მეოთხე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ურთულეს ბრძოლაში 79:65 გაიმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ჯგუფში მინიმუმ სამეულში მოხვედრა გაინაღდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის დასაწყისში შეცდომა მოუვიდათ ორგანიზატორებს – საქართველოს ამჟამინდელი ჰიმნის ნაცვლად დაუკრეს „დიდება“, რომელიც 2004 წელს შეიცვალა. თუმცა მასპინძლებმა იქვე მთელ საქართველოს ოფიციალურად, წერილობით მოუბოდიშეს.
ნამატი
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში კარგი განწყობით ჩავიდა. „ჯვაროსნებმა“ ხომ 24 თებერვალს მაკედონიელები 91:70 დაამარცხეს. ჩვენს გუნდს არავინ დამატებია და არც გამოკლებია, ჩრდილოეთ მაკედონიას კი პირველი მატჩის შემდეგ სამი მოთამაშე შეემატა: მაგდევსკი, ანდონოსკი, დმიტრიევიჩი.
ეს უკანასკნელი ესპანური „ვალენსიას“ ღირსებას იცავს და წინასწარ ცხადი იყო, რომ გუნდს საკმარისად გააძლიერებდა. თუ პირველი მატჩის წინ მეტოქის მწვრთნელი ბაიჩი ჩიოდა, ერთადერთი გამთამაშებლის იმედად დავრჩიო, სკოპიეში პლეიმეიქერზე საწუწუნო ნამდვილად არ ექნებოდა, რადგან დმიტრიევსკიმ თავისი კლასი პირველივე ტაიმში გამოამჟღავნა: გუნდის 35 ქულიდან 16 მის ანგარიშზე იყო.
თუმცა თავად მწვრთნელმა ბაიჩმა ვერ წარმართა შეხვედრა, კორონავირუსის გამო ის დარბაზში არ გახლდათ.
სათადარიგოები
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველომ ისე ვერ გაილაღა, როგორც თბილისში. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3 ქულის სხვაობით მოიგეს. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: დმიტრიევსკის კარგი თამაში, ჩრდილომაკედონიის აგრესიული დაცვა, ქართველთა უზუსტობა და მსაჯები.
როგორც წესი, ყველა სადავო ეპიზოდში არბიტრებმა მასპინძლების მხარე დაიჭირეს, თუმცა ამას ქართველები სულაც არ გაუბრაზებია. ისინი თავის საქმეს მშვიდად აკეთებდნენ. პირველ მეოთხედში – ზედმეტად მშვიდად, რის გამოც ქართველთა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პირველსავე წუთშესვენებაზე რამდენიმეჯერ ხმამაღლა შეუყვირა – გამოფხიზლდითო.
მეორე ათწუთეულში საქართველო მართლაც გამოფხიზლდა. სასიამოვნო კი ის იყო, რომ ჩვენი გუნდის გაქცევა დაიწყო მაშინ, როდესაც მოედანზე არც შერმადინი იყო და არც მაკფადენი. გივი ბაქრაძის წინამძღოლობით ჩვენმა გუნდმა 13:0 გაქცევას ჩაუყარა საფუძველი. მალე მაკფადენი და შერმადინიც დაბრუნდნენ და საქართველო 41:31 დაწინაურდა.
გადამწყვეტი
მესამე პერიოდი შეცდომებისა იყო. როგორც ერთი, ისე მეორე გუნდი შეტევას შეტევაზე აცუდებდა, რომ არა მეოთხედის ბოლოს მაკფადენის სამქულიანი, საქართველოს ნაკრები პერიოდს მხოლოდ 3 ქულით მოიგებდა, თუმცა 6 ქულაც არ ნიშნავდა გამარჯვებას – ყველაფერი ბოლო ათწუთეულში უნდა გადაწყვეტილიყო.
მასპინძლები გიორგი შერმადინის წინააღმდეგ დიდი ყურადღებით თამაშობდნენ. „შერმინატორი“ ქულებს ჩვეული ეფექტურობით ვერ აგროვებდა, თუმცა გუნდზე მშვენივრად თამაშობდა. თუ მანამდე პერიმეტრიდან ჩვეული სიზუსტით ვერ სტყორცნიდა, მეოთხე რაუნდში თად მაკფადენმა თავისი საქმე გააკეთა, სამიანს სამიანი მიაყოლა და სირენამდე 6 წუთით ადრე სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა.
ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ჩრდილოეთ მაკედონიას არ აღმოაჩნდა რესურსი თამაშის შემოსატრიალებლად, საქართველოს ნაკრებმა კი მშვიდად მიიყვანა შეხვედრა ფინალამდე.
ჯინჭარაძე
ცალკე ქვეთავი ეკუთვნის ამ ციკლში ილიას ზუროსის აღმოჩენა კახა ჯინჭარაძეს, რომელმაც ერთი-ერთზე დაცვაშიც მაღალ დონეზე ითამაშა, ჩაჭრებსაც და მოხსნებსაც ენერგიულად აგროვებდა და პირველ შეტევაშიც უშიშრად გარბოდა. მან საბოლოოდ 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა ჩაიწერა და დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში.
საქართველოს ნაკრების ბომბარდირი 24 ქულით თად მაკფადენი გახდა. გიორგი შერმადინმა 13 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაფიქსირდა, ხოლო დუდა სანაძემ მატჩი 10 ქულით დაასრულა.
ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო 65:79
21:18, 14:25, 17:15, 13:21
საქართველო: სანაძე (10ქ), ბოქოლიშვილი (11ქ, 4პ), მაკფადენი (24ქ, 4პ), შერმადინი (13ქ, 8მ, 4პ), ბერიშვილი (8ქ, 4პ, 3ჩ), ბექაური (3ქ), ლონდარიძე (2ქ), ჯინჭარაძე (8ქ, 8მ, 2ჩ), ბაქრაძე (2პ).
ჩრდილოეთ მაკედონია: კრსტევსკი (11ქ, 8მ), ნიკოლოვი, დმიტრიევიჩი (25ქ, 7მ), კაკრუკი, ეფრემოვსკი (2ქ), ანდონოსკი (1ქ), სტოიანოვსკი (13ქ), მაგდევსკი (3ქ), სიმიჩი, ვაილი (10ქ, 9მ, 4პ), რობევი.
გუნდი |
თ |
მ |
წ |
1. საქართველო |
4 |
3 |
1 |
2. ესპანეთი |
3 |
3 |
0 |
3. უკრაინა |
3 |
1 |
2 |
4. ჩრ. მაკედონია |
4 |
0 |
4 |