დასრულდა 2018 წლის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რომელზეც საქართველოს ნაკრები ექვსი მატჩიდან აღებული 16 ქულით (ხუთი მოგება, ერთი ფრე) D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და არა მხოლოდ D დივიზიონში, არამედ მთლიანად ერთა ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ჩვენი გუნდის მიერ გატანილი 12 გოლიდან ყველაზე მეტი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა – 4, ვაკო ყაზაიშვილმა და ჯაბა კანკავამ თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს, თითოჯერ მეტოქის კარი თორნიკე ოქრიაშვილმა, ვაკო გვილიამ და გიორგი მერებაშვილმა აიღეს და ერთი გოლიც ყაზახმა მცველმა მალიიმ საკუთარ კარში ჩაჭრა. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, ერთი ანდორამ გაგვიტანა და ერთიც ყაზახეთმა.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ერთა ლიგაში ჩვენი ეროვნული გუნდი ერთით მაღალ, C დივიზიონში ითამაშებს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეიოფი კი იმავე 2020 წლის მარტში გაიმართება. პირველ მატჩში საქართველო შინ ბელარუსს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტ მატჩში, მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.
აქვე გთავაზობთ დასრულებულ ჯგუფურ ტურნირში საქართველოს მიერ გატანილი გოლების კოლაჟს.