საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე მეოთხე ლიგის „გონიოში“ ითამაშებს #1TVSPORT
მეოთხე ლიგის „გონიომ“ კიდევ ერთი კარგი ტრანსფერი განახორციელა, – ამჯერად გუნდის პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ ტაშკენტის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები კახა მახარაძე დაიმატა.
„დიდი დაბრუნება ქართულ ფეხბურთში – ტაშკენტის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, კახა მახარაძე „გონიოში“ ითამაშებს. კეთილი იყოს შენი დაბრუნება მშობლიურ კუთხეში. მადლობა თანადგომისთვის, პატივისცემისთვის, ნდობისთვის. ჩვენი მიზანი ლიგა 3-ში გადასვლა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალია“, – წერია „გონიოს“ განცხადებაში.
36 წლის უნივერსალი (მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი) საფეხბურთო ოჯახიდანაა – მამა, მალხაზ მახარაძე ბათუმის და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. კახას ძმა, ბექაც ეროვნულ ლიგაში თამაშობდა და ბათუმის „დინამოს“ კაპიტანი იყო.
კახი მახარაძე ბოლოს თამაშობდა ტაშკენტის „ლოკომოტივში“, კარიერა კი „დინამო თბილისში“ დაიწყო. გამოდიოდა საჩხერეს „ჩიხურაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ბათუმის „დინამოში“, ტაშკენტის „ფახთაქორში“, „სოგდიანაში“. მახარაძე ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძემ გამოიძახა და მისი ხელმძღვანელობით 4 მატჩი ჩაატარა.
გამოცდილ მოთამაშეს კარიერაში საკმაოდ ბევრი ტიტული დაუგროვდა – „დინამო თბილისში“ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2005) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2006), ხოლო ტაშკენტის „ფახთაქორში“- უზბეკეთის ჩემპიონი (2012, 2014) და სუპერთასის გამარჯვებული (2011).