თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქალაქის მაცხოვრებელ შეჭირვებულ ოჯახებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ამისულაშვილი დაეხმარა.
„თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობით სოციალური აქციები ინტენსიურად მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, თელაველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა.
შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტებს მერიის მოხალისეთა ჯგუფები დაურიგებენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ალექსანდრე ამისულაშვილს და მის ოჯახს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის“, – ვკითხულობთ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდზე.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა თანამოაზრეებთან ერთად, 2016 წელს ახალი საფეხბურთო კლუბი „თელავი“ დააფუძნა, რომელმაც 2019 წელს ეროვნულ ლიგის საგზური მოიპოვა.