საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი ვილი სანიოლი გახდა – ამის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.
სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. აღმასკომის წევრებმა მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელეს – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნაზე.
ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე ზუსტად სამი თვე იყო. 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების (0:1) შემდეგ სლოვაკი ვლადიმირ ვაისი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური გახლდათ.
სანიოლი ნაკრების მე-16 მწვრთნელი იქნება და იქნება მეორე ფრანგი ალენ ჟირესის შემდეგ, რომელიც „ჯვაროსნებს“ უხელძღვანელებს. 43 წლის სპეციალისტი თამაშობდა „სენტ-ეტიენეში“ (1995-97), „მონაკოში“, მიუნხენის „ბაიერნში“, იყო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრების წევრი (58 მატჩი).
სამწვრთნელო კარიერაში კი შემდეგ გუდნებში უმუშავია – „ბორდო“, მიუნხენის „ბაიერნში“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტად, ერთხელ კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობაც შეასრულა. იყო ასევე საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი. არის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი.
ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდის მომზადება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის მოუწევს – 25 მარტს ჩვენი გუნდი სტოკჰოლმის „ფრენდს არენაზე“ შვედეთს ესტუმრება, 28-ში – „დინამო-არენაზე“ ესპანეთს მიიღებს, ხოლო 31 მარტს სალონიკში „სტადიო ტუმბაზე“ საბერძნეთს ეწვევა.