საქართველოს ნაკრების საქომაგოდ გერმანიიდან ემიგრანტები ჩამოვიდნენ #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგთან ნახევარფინალურმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია – გერმანიიდან საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ქართველი გულშემატკივრები ჩამოვიდნენ. ეს ახალგაზრდები კარლსრუესა და ახლომდებარე ქალაქებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც მუდმივად ესწრებიან „კარლსრუეს“ თამაშს და ბუდუ ზივზივაძეს ქომაგობენ.
„გაიცანით ქართველი ახალგაზრდები გერმანიიდან, ქალაქ კალსრუედან, რომლებიც ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ საქართველოში მოემგზავრებიან, უღრმესი მადლობა, საუკეთესო ახალგაზრდებო“, – წერია ფეისბუქზე გავრცელებულ ცნობაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების თამაშებს უცხოეთში საკმაოდ ბევრი ქართველი ესწრება, მაგრამ ნაკრების საგულშემატკივროდ ემიგრანტების ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტების გახსენება იშვიათია.
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს 26 მარტს პლეი ოფის ფინალში, კვლავ თბილისში უმასპინძლებენ.