საქართველოს ნაკრების საბაზრო ღირებულება 154 მილიონამდე გაიზარდა - ლიდერი ისევ კვარაცხელიაა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საბაზრო ღირებულება 154 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე მაღალი შეფასებაა – განახლებული მონაცემები გერმანულმა ვებგვერდმა „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.
მეოთხე წელია საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასიც იტალიაში გადასვლის შემდეგ 10 მილიონი ევროდან 85 მილიონამდე გაიზარდა. მეორე ადგილზე „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მეთორმეტეა, მესამე ადგილზე კი „აიაქსის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეა.
საქართველო ეროვნული ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:
1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 85 მილიონი ევრო;
2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 30 მილიონი ევრო;
3. გიორგი მიქაუტაძე, „აიაქსი“ – 10 მილიონი ევრო;
4. ზურიკო დავითაშვილი, „ბორდო“ – 3 მილიონი ევრო;
5. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.
საქართველო ახალგაზრდული (U21) ნაკრების მოთამაშეთა ჯამური შეფასება 6.2 მილიონი ევროა. ყველაზე ძვირად ღირებული ნახევარმცველი ლუკა გაგნიძეა, რომელიც 2 მილიონადაა შეფასებული. ტრავმების გამო მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველს ბოლო ერთ წელიწადში დიდი დრო გაუცდა და ჯერ ისეთ წინსვლა არ აქვს, მისგან რომ ელიან.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხურთელი:
1. ლუკა გაგნიძე, „დინამო“ (მოსკოვი) – 2 მილიონი ევრო.
2. გიორგი კვერნაძე, „ფროსინონე“ – 500 ათასი ევრო.
3. საბა ხვადაგიანი, „დინამო თბილისი“ – 500 ათასი ევრო.