საქართველოს ნაკრების რეკორდი - „ჯვაროსნების“ ჯამური ფასი 137 მილიონ ევროს აღემატება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების რეკორდი - „ჯვაროსნების“ ჯამური ფასი 137 მილიონ ევროს აღემატება #1TVSPORT

ტრანსფერმარკტმა“ საფეხბურთო ბაზრის მონაცემები განაახლა, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამურმა ფასმა 137,15 მილიონ ევროს მიაღწია, რაც „ჯვაროსნებისთვის“ ისტორიული რეკორდია.

საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი წლების განმავლობაში 35-დან 45 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა. იყო ნაკლები მაჩვენებელიც, ოდნავ მეტიც, მაგრამ 50-მილიონიანი ზღვარი ხშირად მიუღწეველი ჩანდა.

საქართველოს ნაკრების შეფასების მატება ბოლო ერთ წელიწადში დაიწყო, რაც ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის მაჩვენებლების რადიკალურმა ცვლილებებმა განაპირობა – 2022 წლის შემდეგ მათი ტრანსფერების საბაზრო ღირებულება, ჯამში, 90 მილიონით გაიზარდა.

ტრანსფერმარკტმა“ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის შეფასება 2022 წლის 5 მაისის შემდეგ 15 მილიონიდან 85-მდე გაზარდა, ანუ 70 მილიონით. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს – მისი ტრანსფერის პირობითმა ფასმა 2022 წლის მარტის შემდეგ 5 მილიონი ევროდან 25 მილიონამდე მოიმატა.