საქართველოს ნაკრების მეტოქე - ლუქსემბურგში ოლივიე ტილის თამაშიც საეჭვოა #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ლუქსემბურგის ნაკრებს კიდევ ერთი საკვანძო მცველი გამოაკლდა, ხოლო ერთი ნახევარმცველის თამაში საეჭვოა, – ინფორმაციას ლუქსემბურგული და უკრაინული მედიასაშუალებები აქვეყნებენ.
Football24-ის ცნობით, შესაძლოა, ლუქსემბურგის ნაკრებს ოლივიე ტილიც დააკლდეს. 27 წლის ნახევარმცველი უკრაინის პრემიერლიგის „ჩერკასში“ თამაშობს, რომელიც ხვალ, 12 მარტს „დნიპრო-1“-ს უნდა დაუპირისპირდეს.
„ჩერკასელების ლეგიონერი ტრავმის მიუხედავად თამაშს აპირებს – ის რისკავს, რომ ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს. „ჩერკასის“ ნახევარმცველს, ოლივიე ტილს სურს მოედანზე გასვლა „დნიპრო-1“-ის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც 12 მარტს გაიმართება.
წინა ტურში ტილმა ხარკოვის „მეტალისტთან“ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო და, წინასწარი დიაგნოზით, მას შეშუპება და ანთება აქვს. თუმცა მოთამაშეს სურს, „დნიპრო-1“-ის წინააღმდეგ გამაყუჩებლებით ითამაშოს. ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლუქსემბურგის ნაკრებში მარტის მატჩებზე მის გამოძახებას. ტილს დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც გადაწყდება, შეძლებს თუ არა „დნიპროსთან“ თამაშს“, – წერს უკრაინული გამოცემა.
ოლივიე ტილი „ჩერკასს“ ზამთარში თურქული „შანლიურფანსპორიდან“ შეუერთდა და გუნდის ფორმით უკვე ორი მატჩი ჩაატარა. ის საფეხბურთო ოჯახიდანაა. ოლივიეს მამა სერჟი ლუქსემბურგის ნაკრებში 1990-იან წლებში თამაშობდა. დედა ნატალი ლუქსემბურგის ქალთა ნაკრების მეკარე იყო. მისი ძმები სებასტიენი და ვინსენტიც ფეხბურთელები გახდნენ და ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. თუმცა, ვინსენტი (რომელიც „საბაჰში“ დავით ვოლკოვის თანაგუნდელია) ასევე ტრავმირებულია და 21 მარტს საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ვერ ითამაშებს.
მეტოქის პრობლემები ამით არ ამოიწურება – Football in Luxembourg-ის ცნობით, ლუქსემბურგის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთ პრობლემას შეეჯახა, რადგან ტრავმირებულთა სიას ავსტრიული „სენტ პოლტენის“ მარცხენა მცველი დირკ კარლსონი შეუერთდა.
ეს სია ლუქსემბურგისთვის უკვე ძალიან გრძელია: დანელ სინანი (წითელი ბარათი), გერსონ როდრიგესი (სასამართლო საქმე), მარვინ მარტინსი (ტრავმა), ვინსენტ ტილი (ტრავმა), დირკ კარლსონი (ტრავმა), ახლა მათ ოლივიე ტილიც თუ დაემატება, გუნდი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.