საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია - გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია - გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხა #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებმა მოახლოებული მატჩებისთვის 26 მაისს დაიწყო მზადება. ერთა ლიგის C4 ჯგუფში ბლაგოია მილევსკის გაწვრთნილები პირველ მატჩში 2 ივნისს რაზგრადში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან, 5 ივნისს გიბრალტარში ითამაშებენ, 9 ივნისს საქართველოს სკოპიეში მიიღებენ.

 

ქვეყანა ნატოდან

ჩრდილოეთ მაკედონია არის მაგალითი, თუ რა დადებით გავლენას ახდენს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის ეკონომიკაზეც და ყველა სფეროზე. ამ ბალკანური ქვეყნის ფართობი მხოლოდ 25,713 კმ2-ია, ხოლო მოსახლეობის 2021 წლის აღწერით, სულ 1,84 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველო თითქმის სამჯერ მეტია – 69 700 კმ2, ხოლო ჩვენი მოსახლეობა 3,7 მილიონია.

ამის მიუხედავად, ბალკანელები ფეხბურთში ბოლო წლებში ჩვენზე მეტი წარმატებებით იწონებენ თავს, რაშიც სწორედ ევროპასთან სიახლოვე ეხმარებათ. ამას გარდა, ჩრდილოეთ მაკედონია 2020 წლიდან ნატოს წევრია, ხოლო 2005 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა.

ეს სტატუსები კონკრეტულ ციფრებში აისახება: მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 33 მილიარდი დოლარია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა წელიწადში 16,000 დოლარს მიაღწია. 2012 წლის მონაცემებით ეს ციფრები შესაბამისად 22 მილიარდი და 10,700 დოლარი იყო. სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს ანალოგიური მაჩვენებლები საქართველოში ასეთი გახლდათ – ერთიანი შიდა პროდუქტი 17,85 მილიარდი, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი – 4,800 დოლარი.

 

საფეხბურთო წარმატებები

ამ პატარა ქვეყნის მოქალაქეობისთვის ნატოს წევრობა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის და ლიგის კარი გახსნილია. ევროპასთან სიახლოვე შედეგებში აისახა. ჩრდილომაკედნიელი ფეხბურთელები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის, ტოპ-ლიგებში ისეთ ბარიერებს არ აწყდებიან, როგორც ქართველი მოთამაშეები, ტერიტორიული სიახლოვე და მათი ფეხბურთის ბოლოდროინდელი პროგრესიც ხელს უწყობთ და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს…

საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამ ქვეყნის ნაკრების ბოლო მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – მაშინ ბალკანელებს იგორ ანგელოვსკი ავარჯიშებდა, კაპიტანი კი გორან პანდევი გახლდათ. ამ გუნდმა 2020 წლის 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრები დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად, ევრო 2020-ის მონაწილე გახდა.

ამის შემდეგ ნაკრებიდან ანგელოვსკიც წავიდა და პანდევიც. გუნდი ბლაგოი მილევსკიმ ჩაიბარა, მაგრამ არათუ დასუსტდა, შედეგებიდან გამოჩნდა, რომ უფრო გაძლიერდა, რადგან 10 მოთამაშე აღარ ცდილობს მხოლოდ პანდევზე აეწყოს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გუნდმა გერმანიის, რუმინეთის, ისლანდიის, სომხეთის და ლიხტენშტეინის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ გასვლაზე მოუგო გერმანიას (2:1) და სომხეთს (0:5).

4-4 გოლით ჯგუფის ბომბარდირებში მოხვდნენ ელიფ ელმასი, ენის ბარდი და ალექსანდარ ტრაიკოვსკი. ამ უკანასკნელმა („პალერმოს“ და „მალიორკას“ შემდეგ საუდის არაბეთის „ალ ფეიჰაში“ გადავიდა) მუნდიალის პლეი ოფში ქვეყნას უდიდესი სიხარული მოუტანა და იტალიასთან გასვლით მატჩში ბოლო წუთზე გატანილი გოლით ჩრდილომაკედონია მსოფლიოს ჩემპიონატთან პირველად დააახლოვა, ევროპის ჩემპიონი კი დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირის მიღმა დატოვა. თუმცა, მაკედონიელები პლეი ოფის ფინალში პორტუგალისთან ვერაფერს გახდნენ – 0:2.

 

პრობლემა საყრდენების ზონაში

ერთა ლიგის C4 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს ბულგარეთთან (2 ივნისი), გიბრალტართან (5 ივნისი), საქართველოთან (9 ივნისი) და გიბრალტართან (12 ივნისი).

წინასწარ ცნობილია, რომ გუნდს ტრავმის გამო ივნისის მატჩებში კაპიტანი სტეფან რისტოვსკი ვერ დაეხმარება, მაგრამ იმედს იტოვებენ, რომ ზაგრების „დინამოს“ მარჯვენა მცველი ბოლო მატჩებს მაინც ითამაშებს. როგორც გამოცემა Sportmedia ამტკიცებს, რისტოვსკი რამდნეიმე დღე დაისვენებს და უახლოეს დღეებში გამოჩნდება მისი ტრავმის რეალური სიმძიმე და გადაწყდება, შეუძლია თუ არა თამაში. თუმცა, თავად კაპიტანი ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებს, მატჩებისთვის მზად რომ იყოს. მის არყოფნაში, გუნდს ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი უკაპიტნებს.

დატვირთული სეზონისა და ხშირი ტრავმების გამო ვარჯიშებზე არ იმყოფება თურქული „გოზტეპეს“ თავდამსხმელი ადის იახოვიჩიც. მათ გარდა, ასევე ტრავმირებულია საყრდენი ნახევარმცველი არიან ადემი, რომელიც ასევე ზაგრების „დინამოში“ თამაშობს. წესით, ჩრდილომაკედნიელებს ამის გამო მოედნის ცენტრში სერიოზული პრობლემა უნდა ჰქონდეთ, რადგან 4 საყრდენი ნახევარმცველი ტრავმირებული ჰყავთ.

„რუჟემბეროკის“ საყრდენმა ტიხომირ კოსტადინოვმა მარტში მუხლი დაიზიანა და ახლა რეაბილიტაციას გადის. ამავე პოზიციაზე თამაშობს „მალმიოს“ ნახევარმცველი ერდალ რაკიპიც, რომელიც შეკრებაზე პირადი მიზეზების გამო არ გამოცხადდა. ასევე ტრავმირებულია ხორვატული „ჰაიდუკის“ ნახევარმცველი იანი ატანასოვი.

 

ახლები და დაბრუნებულები

მათ არყოფნაში მწვრთნელმა ფეხბურთელები 21-წლამდელთა ნაკრებიდან დაიმატა – სადებიუტო გამოძახება მიიღეს 22 წლის ტომჩე გროზდანოვსკიმ („ზლატე მორავცე“, სლოვაკეთი), ენის ფაზლაგიჩმა პოლონეთის კრაკოვის „ვისლადან“ და 20 წლის ბოიან დიმოსკიმ, რომელიც „პანდევის აკადემიაში“ თამაშობს.

მილევსკიმ ნაკრებში დააბრუნა სათადარიგო მეკარე დენი ილიევი („ტრენჩინი“, სლოვაკია) და ჯოკო ზაიკოვი („სლავია“ სოფია, ბულგარეთი)

 

შემადგენლობა

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), კრისტიან ნაუმოვსკი (პიკუპი), დენი ილიევი (ტრენჩინი, სლოვაკია)

დაცვა: დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), ვისარ მუსლიუ (ინგლოსტატი, გერმანია), კირე რისტოვსკი (აელ-ი, ლიმასოლი, კვიპროსი), ეზგიან ალიოსკი (ალ აჰლი, საუდის არაბეთი), ტოდორ ტოდოროვსკი (სერედი, სლოვაკეთი), სტეფან აშკოვსკი (სეპსი, რუმინეთი) , ნიკოლა სერაფიმოვი (ზალაეგერსეგი, უნგრეთი), ჯოკო ზაიკოვი (სლავია სოფია, ბულგარეთი), ბოიან დიმოსკი (პანდევას აკადემია)

ნახვერადაცვა: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), სტეფან სპიროვსკი (მტკ, უნგრეთი), ენის ფაზლაგიჩი (ვისლა კრაკოვი, პოლონეთი), ტომჩე გროზდანოვსკი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ბობან ნიკოლოვი (შერიფი მოლდავა), დავიდ ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი)

თავდამსხმა: მილან რისტოვსკი (სპარტაკი ტრნავა, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (მტკ, უნგრეთი), დარკო ჩურლინოვი (შალკე, გერმანია), ალექსანდრე ტრაიკოვსკი (ალ ფეიჰა, საუდის არაბეთი), ვალონ ეტემი (სტამბოლსპორი, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი)

 

შედარება

ჩრდილოეთ მაკედონია ფიფა-ს რეიტინგში 62-ე პოზიციაზეა. საქართველო – 85-ე.

„ტრანსფერმარკტიის“ მიხედვით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრების ჯამურ ღირებულება 56.48 მილიონი ევროა, საქართველოს ნაკრების – 50.55 მილიონი.

„ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული „ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასია – 24,00 მილიონი ევრო, ხოლო საქართველსო ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მალე „ნაპოლიში“ მისი თანაგუნდელი გახდება.