საქართველოს ნაკრები გიბრალტარით იწყებს - უეფა-ს წევრი ყველაზე პატარა ქვეყანა პოლიციელი ბომბარდირით #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები გიბრალტარით იწყებს - უეფა-ს წევრი ყველაზე პატარა ქვეყანა პოლიციელი ბომბარდირით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ გათამაშებას მალე დაიწყებს და 4 მატჩს ჩაატარებს. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 2 ივნისს თბილისში გიბრალტარის ნაკრებთან გამართავენ, რომელიც უეფა-ს წევრი ქვეყნებიდან მასშტაბით ყველაზე პატარაა.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან გიბრალტარი უეფა-ს დროებითი წევრია. გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციაში გიბრალტარის მუდმივი წევრობის შესახებ მიღებულ იქნა XXXVII უეფას რიგით კონგრესზე 2013 წლის 24 მაისს. დღეისათვის უეფა-ს ყველა წევრს შორის ყველაზე პატარა სახელმწიფოა, სადაც დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 2016 წლის 13 მაისს გიბრალტარი გახდა ფიფა-ს 211-ე წევრი (172 ხმა მომხრე და 12 წინააღმდეგი).

გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორია იწყება 1923 წელს, როდესაც ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ესპანურ „სევილიასთან“ და ორივე წააგო. პირველი ოფიციალური ტურნირი, იყო კუნძულის თამაშები 1993 წელს, რომელშიც გიბრალტარი თამაშობდა 2011 წლამდე.

პირველ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ბოლო ადგილზე გავიდა. 1995 წელს გიბრალტარის ნაკრები ტურნირის მასპინძელი გახდა და უფრო წარმატებულად ითამაშა, ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა. 2007 წელს გიბრალტარის გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო კუნძულის თამაშები, ფინალში როდოსი 7:0 დაამარცხა.

2006 წლის 25 აგვისტოს გიბრალტარმა ფიფა-ს და უეფა-ს გაწევრიანების მიზნით მიმართა. 2006 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა ფიფა-ს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიბრალტარი არ აკმაყოფილებდა ფიფა-ს წევრობისთვის დადგენილ მოთხოვნებს. 2007 წლის 26 იანვარს უეფა-სგან უარი მიიღო. 52 წევრიდან მხოლოდ 3-მა მისცა ხმა გიბრალტარის წევრობას.

უეფა-ში შესვლის ყველაზე შეურიგებელი ოპონენტი ესპანეთი იყო, რომელმაც გამოუცხადა ბოიკოტი ნებისმიერ ტურნირს, რომელშიც გიბრალტარი ითამაშებდა. ამის შემდეგ გიბრალტარმა პროტესტით მიმართა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა უეფა-ს წევრობის დროებითი სტატუსი 2012 წლის 1 ოქტომბერს მიანიჭა. კენჭისყრის შემდეგ, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 24 მაისს, ეს სტატუსი მუდმივი გახდა.

ფიფა-ში შესვლის შესახებ განაცხადი უარყოფილი იყო ესპანეთის პრეტენზიების გამო და წესდების თანახმად, სადაც წერია, რომ ერთი ქვეყანა ორგანიზაციაში ერთი ფედერაციითაა წარდგენილი, ხოლო გიბრალტარი არის დიდი ბრიტანეთის პირდაპირი საზღვარგარეთის ტერიტორია. მიუხედავად ამისა, 2016 წელს, მომდევნო ყრილობაზე გადაწყდა გიბრალტარის (კოსოვოსთან ერთად) ფიფა-ში გაწევრიანება.

გიბრალტარის ნაკრებმა პირველად ითამაშა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა. პირველ ოფიციალურ მატჩში შინ 0:7 დამარცხდა პოლონეთის ნაკრებთან, ანალოგიური ანგარიშით ირლანდიასთან წააგო.

 

პირველი საერთაშორისო მატჩი

გიბრალტარი – სლოვაკეთი 0:0 (19 ნოემბერი 2013)

უდიდესი გამარჯვება

მალტა 1:0 (პორტუგალია, 4 ივნისი 2014)

ლატვია 1:0 (პორტუგალია, 25 მარტი 2018)

სომხეთი 1:0 (ერევანი, სომხეთი, 13 ოქტომბერი 2018)

ლიხტენშტაინი 2:1 (გიბრალტარი; 16 ოქტომბერი 2018)

უდიდესი მარცხი

0:7 პოლონეთი (პორტუგალია, 7 სექტემბერი 2014)

ირლანდია 0:7 (ირლანდია, 11 ოქტომბერი 2014)

0:7 გერმანია (13 ივნისი 2015)

პოლონეთი 1:8 (პოლონეთი, 7 სექტემბერი 2015)

პოლიციელი ბომბარდირი

საუკეთესო ბომბარდირი ლი კასიარო (3 გოლი) 40 წლისაა. თამაშობს „ლინკოლნში“, რომელიც კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვდა და მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა. კასიარომ საკლუბო კარიერა 2006 წელს ამ გუნდში დაიწყო და დღემდე მისი ფორმით თამაშობს. ის გიბრალტარის ნაკრების ისტორიაში ოფიციალურ შესარჩევ მატჩებში პირველი გოლის ავტორია. 2015 წლის 29 მარტს, შოტლანდიის ნაკრებთან საკვალიფიკაციო მატჩში გლაზგოში, „ჰამპდენ პარკზე“ გაიტანა – შოტლანდიელებმა 6:1 მოიგეს.

2015 წლის 7 ივლისს მან გაიტანა გამარჯვების გოლი ანდორის „სანტა ჯულიას“ წინააღმდეგ, რომელიც დაეხმარა „ლინკოლნს“ პირველად მოეგო ევროთასების ეტაპი და კლუბი ჩემპიონთა ლიგის მე-2 რაუნდში გაიყვანა. 2016 წლის 12 ივლისს მან გამარჯვების გოლი გაიტანა „სელტიკთან“ – „ლინკოლნმა“ შინ 1:0 მოიგო. პროფესიით პოლიციელია. მსახურობდა გიბრალტარის პოლიციაში. მისი ძმები კაილი და რაიანი ასევე ფეხბურთელები არიან.

 

საქართველო VS გიბრალტარი

საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 4-ჯერ შეხვდა და ოთხივეჯერ დაამარცხა. გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა, ხოლო ვატო არველაძე პენალტით ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის ავტორი გახდა.

ევრო 2016-ის შესარჩევი ჯგუფი

2014 წლის 14 ოქტომბერი, „ესტედიო ალგავრე“, პორტუგალია

გიბრალტარი – საქართველო 0:3

გოლი: 0:1 გელაშვილი (9), 0:2 ოქრიაშვილი (19), 0:3 კანკავა (69)

2015 წლის 8 ოქტომბერი, „დინამო არენა“

საქართველო – გიბრალტარი 4:0

1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35, კალ.), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)

ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფი

2019 წლის 7 ივნისი, თბილისი, „დინამო არენა”

საქართველო – გიბრალტარი 3:0

გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76 პენ.)

2019 წლის 16 ოქტომბერი, ვიქტორია, გიბრალტარი

გიბრალტარი 2:3 საქართველო

​გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (21), 1:2 კასიარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)